sábado, diciembre 05, 2009

მე ♥ ჩემი უბანი!


დღეს, სახლში რომ ვბრუნდებოდი, კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, თუ როგორ მიყვარს ჩემი ქუჩა. ყოველი კუთხე - კუნჭული, ყოველი პალმა და ხე ვიცი, ყოველი გადასახვევი თუ შესახვევი. ეს შედარებით ახალი უბანია და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. რამდენიმე ბინა თუ სახლი ჩემს თვალწინ გარემონტდა. შარშან და შარშანწინ ზაფხულები რემონტის ხმაურში გავატარე :D ტერასაზე გასვლა და მუშების ალიაქოთი ერთი იყო. თან ძალიან სასიამოვნო სიმღერები ჰქონდათ ჩართული, ძირითადად ზაფხულის ჰიტები. რა თქმა უნდა, ესპანელ და ლათინელ მუშას შეუმჩნეველი ვერ დარჩები, ძალიანაც რომ ეცადო. აუცილებლად მოგაძახებენ, გუაპაააააა-ო და კიდევ რამდენიმე კომპლიმენტს მოაყოლებენ, და მათი ჟრიამული ისევ ზაფხულის ცეცხლოვან ჰიტებს შეერევა. არ არსებობს, კარგ ხასიათზე არ დაგაყენონ, რაც არ უნდა დაღვრემილი იყო იმ წუთას :D

მთელი ეს ალიაქოთი დილის 6 საათიდან იწყებოდა და შუადღის 2-მდე გრძელდებოდა, 4-მდე მთელი 2 საათი სრული სიმშვიდე იყო. 4 საათზე ისევ თავიდან იწყებოდა, საღამომდე. ძალიან სასიამოვნოდ გავატარე ეს სამეზობლოს-რემონტიანი ზაფხულები, რაც მართალია, მართალია :D

ხოდა დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რამდენი რამე გაუკეთებიათ გვერდითა და უკანა ქუჩაზე. თვალის დახამხამებაში სასახლეები აიგო. ერთი სახლი შავი მარმარილოთია გაკეთებული, ისეთი ლამაზია... თვალს ჭრის პირდაპირ. უკანა მხარეს კი შედარებით "ძველი" სახლებია, თავისი ბაღებით და ძველებური, ხელოვნების ნიმუში ღობეებით. თითქმს ყველას მწვანე დარაბები აქვს. ზოგან ხეებიც დგას, ყვავილებიც, ძალიან ლამაზი.

ძალიან კარგად მახსოვს, სულ პირველად რომ გადმოვედი. წვიმიანი დღე იყო. მაშინ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ამ უბნის შესახებ, პრაქტიკულად არ ვიცნობდი, გარდა იმისა, რომ ძალიან სიმბოლური და ელიტური უბანია და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

თავიდანვე ძალიან მომეწონა, და ძალიან მალე ყველა კუთხე - კუნჭული ავითვისე. თუ პირველ დღეებში ჩემი სახლიდან 3 წუთის სავალზე მდებარე ლეგენდარული კამპ ნოუ იყო ჩემი ე.წ. შუქურა, და მისით ვაგნებდი სახლს ჩემი უბადრუკი ორიენტაციის პატრონი :D, სულ მალე ყველა ჩიხი საიდან სად გადიოდა, უკვე ის ვიცოდი. მალე ყველა ჩემი მეგობარი გახდა: ბუტიკების, ჟურნალ - გაზეთების მაღაზიის, ხილის მაღაზიის, პიცერიის, სასტუმროს, რესტორნების, ბარების, დისკოტეკის, სუპერმარკეტების, და ა.შ. მომუშავე პერსონალი, და მეზობლების უმრავლესობა. ჟურნალ - გაზეთების მაღაზიის პატრონს პირველივე დღეებიდანვე სხვაში ავერიე, და მკითხა, შენ სარაგოსელი სენიორას ქალიშვილი არ ხარო? არა - მეთქი, სხვაში შეგეშალეთ... :D მის მერე კარგად დამიმახსოვრა და ახლა დიდი "ძმაბიჭობა" გვაქვს :D ერთ - ერთი სუპერმარკეტის დაცვა კი, ჩემდა გასაოცრად, კანფეტებით მიმასპინძლდება :O, თავიდან უარი ვუთხარი და ძალიან ეწყინა... :D :D

განსაკუთრებული ჟრიამული აქ ბარსას მატჩების დროსაა. თუ კამპ ნოუზეა თამაში, გასაგებია, რომ ქუჩაზე ტევა არაა და ნემსიც ვერ ჩავარდება :D ხალხი ლურჯ-შინდისფერ ფერებში გადაწყვეტილი დადის და საყვირებს აჭყვიტინებს. და ბარსას ჰიმნს მღერის. :D საოცარი სიტუაციაა ამ დროს, ეს წყნარი უბანი ერთ დიდ ოვაციების ტალღად იქცევა მთელი ღამით, და მეორე დღეს დამსუფთავებელი ორგანოებიდან მოდიან და ძირფესვიანად ასუფთავებენ მთელ უბანს :D

მოკლედ, ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი უბანი!! ♥ ♥ ცოტა მაინც ხომ წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა? :D ხოდა, დღეს კიდევ ერთხელ მთელი ძალით შემომიტია ამ სიყვარულმა, და კიდევ ერთხელ გავიფიქრე, თუ რა ბედნიერი ვარ! ♥ ♥